ლექსები და გამონათქვამები დედაზე






იოსებ ნონეშვილი - დედა       

დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო, 
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.






ვაჟა ხორნაული-,,პირველად"






მოწყენას მისას როდესაც გრძნობენ,
იქუფრებიან თვალები ნისლით.
თუ გავამსხვრიე განგების ღობე,
პირველად დედის ჭაღარას ვიხსნი.
ფიქრები ღლიან ისედაც დაღლილს,
სამრეკლოსავით ფერმკრთალს და ხნიერს.
თუ დეკემბერშიც აენთო ბაღი,
პირველად დედას დავუკრეფ იებს.
დედის მანდილში აპრილი გალობს,
ვით დაფიონი ფხოვეთის მთებში.
თუ უკვდავების ვიპოვე წყარო,
პირველად დედას მოვუტან პეშვით.
ნანინას ნამი აკვნაზე ელავს,
როგორც კვირტებზე ღიმილი ფესვთა.
თუ სივრცეებში შევძელი ფრენა,
პირველად დედას ავიყვან მზესთან.








ლილი ნუცუბიძე - ვიდრე დედა გყავს








თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.
ჭირთა თმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.





მუხრან მაჭავარიანი - დედა



ეზოში როცა იტკენდი რამეს, -

ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?! 
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, - 
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა



დედა!


სიკეთის წყაროა დედა!
დედა ლექსია ალალად თქმული.
დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,
დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.
დედა! 
ვიტყვით და გულში ინათებს,
დედის სახელი მზით ნაქარგია.
დედა -
სინათლე,
დედა -
სიმართლე,
დედა -
ყოველი, რაც კი კარგია!
დედა! - 
მჩქეფარე გული და თვალი,
ზრუნვით რომ დასცქერს ცხოვრების დუღილს.
მოხუცი დედის ხელები მჭკნარი
შვილს მთელი ქვეყნის სიცოცხლედ უღირს.
დედა! -
მამულის დროშის მკერავი,
დედა ზრუნვაა,
დედა - ფერება.
ისეთი ლექსი ვერ ვთქვით ვერავინ,
დედას რომ მართლაც შეეფერება!
დედის გული ხომ ზღვაზე ვრცელია,
შვილისთვის დნება, როგორც სანთელი,
წყაროზე წმინდა დედის ცრემლია,
დედის ღიმილი - მზეზე ნათელი!
ეს ორი სიტყვა - 
დედა, აკვანი
არის სიმბოლო ერის ბედისა.
დედა ვადიდოთ,
მას ვცეთ თაყვანი,
ეს სადღეგრძელოც იყოს დედისა!
დედა!
სიცოცხლის წყაროა დედა!
დედა!
ლექსია ალალად თქმული.
დედის თვალებში მზის ღიმილს ვხედავთ,
დედის მკერდში ძგერს სამშობლოს გული.
დედა! -
მუდამჟამ გასახარელი,
შვილებს ალერსით გვათბობს, გვანაზებს,
დედაზე ტკბილი და საყვარელი
არაფერია ამ ქვეყანაზე!



დედა - მარინა ყიფიანი
იცით როდის არის დედა ბედნიერი? როცა შვილის გვერდით დილა უთენდება, როცა მფარველად ჰყავს მამაზეციერი, მაშინ დედას გული აღარ უბერდება. იცით როდის სუნთქავს დედა თავისუფლად? როცა საიმედოდ შვილებს დაიგულებს, როცა მიუჯდება მათთან გაშლილ სუფრას, გულს კი მონატრებით აღარ დაიღონებს. იცით როდის სწვდება დედა მეცხრე ცაზე? შვილის წარმატება გულს რომ გაუხარებს, მისი თბილი სიტყვა ტკივილს დაუამებს, წლობით ნაწვალებს რომ შვილი დაუფასებს. იცით როდის უღირს დედას არსებობა? ლოცვით მიაშურებს წმინდა სალოცავებს, როცა შეუქებენ მის შვილს ქართველობას, "შეგრჩეს გამზრდელიო"- დედას დალოცავენ. დედა რის დედაა, თუ არ იბრძოლებს და ლომის ხმაზე თუ არ შესძრავს დედამიწას, სანთლით ღვთისმშობელთან თუ არ ილოცებს და შვილებს შუბითა და მკერდით არ დაიცავს. დედის გამწარება მტერსაც არ შერჩება. შვილს დააპურებს და ბევრჯერ მშიერია, დედა შვილზე დარდით წამში ასჯერ კვდება. ზოგჯერ რკინაზე და ქვაზეც ძლიერია...

გამონათქვამები-





„დედაჩემი ყველაზე ლამაზი ქალი იყო, ვინც კი ოდესმე მინახავს. რასაც წარმოვადგენ, დედაჩემს ვუმადლი. ჩემს წარმატებას ცხოვრებაში ვუმადლი იმ მორალურ, გონებრივ და ფიზიკურ აღზრდას, რომელიც დედაჩემმა მომცა“ – ჯორჯ ვაშინგტონი


“შვილების აღზრდა ალბათ ყველაზე დიდი გამბედაობაა.” – ჯონ სტაინბეკი




“დედა არის შენი ყველაზე ერთგული მეგობარი, როდესაც უეცარი და მძიმე განსაცდელი დაგატყდება თავს; როდესაც უბედურება გეწვევა და კეთილდღეობას შეცვლის; როდესაც მეგობარი მიგატოვებს; როდესაც უსიამოვნებები გაქვს; დედა მაინც შენთან არის და ცდილობს თავისი კეთილი დარიგებებით და რჩევებით გაფანტოს შენს ირგვლივ შავი ღრუბლები. და შენს გულს სიმშვიდე დაუბრუნოს“ – ვოშინგტონ ირვინგი




„ერთადერთი სიყვარული, რომლისაც მე ნამდვილად მჯერა, ეს არის დედის სიყვარული შვილების მიმართ“ – კარლ ლაგერფელდი



„ჩემი ცხოვრება დედის სახის დანახვით და შეყვარებით დაიწყო“ – ჯორჯ ელიოტი



„ნივთების სუფთა ოქროთი მოვარაყება შეიძლება, მაგრამ დედაზე მშვენიერს ვერავინ ვერაფერს შექმნის“ – მაჰათმა განდი



„დედის გული ღრმა უფსკრულია, რომლის სიღრმეშიც ყოველთვის იპოვით პატიებას“ – ონორე დე ბალზაკი



„დედაჩემს მიაჩნია, რომ მე საუკეთესო ვარ. და მე ისე გამზარდეს, რომ ყოველთვის უნდა მჯეროდეს, რასაც დედა მეუბნება“ – დიეგო მარადონა



“ყველაფერი საუკეთესო რა გამაჩნია, მზის სხივების და დედის სითბოს დამსახურებაა”-მაქსიმ გორკი



„დედაჩემმა ჩამოაყალიბა ჩემი პიროვნება; მისი წყალობით შევიძინე ბევრი ღირსება, კარგი თვისებები და უნარები“. მუჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქთუმი



„დედაჩემი ცოცხალი საოცრებაა“ – ლეონარდო დიკაპრიო



დედა გვეუბნებოდა, სიღარიბეს არ შეეჩვიოთო, ეჩვევა სიღარიბეს ხალხი, ამიტომ ყველა ადამიანმა უნდა ეცადოს, რომ თავისი ადგილი იპოვოს. დღესაც, თუ ადამიანი კარგად იფიქრებს, ნახავს თავის ადგილს ამ ცხოვრებაში.  პირველ რიგში კი უნდა იპოვოს ღმერთი”-საქართველოს პატრიარქი, ილია მეორე









2 комментария:

  1. "იცით როდის არის დედა ბედნიერი?" ამ ლექსის ავტორი მე ვარ და გთხოვთ მიუთითოთ

    ОтветитьУдалить
  2. ყველაზე კარგი ლექსებია ისე მომეწონა პირველი ლექსი დავიზეპირე კიდეც ძალიან კარგი ლექსებიც და გამონათქვამებია❤️🥰

    ОтветитьУдалить